Tuesday, November 12, 2013

             შარშან მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე  საჯარო სამსახურში მეცადა ბედი.რესურსცენტრში ქ-ნმა დარეჯან ნიგურიანმა სამი სკოლა შემომთავაზა.მიუხედავად იმისა,რომ ვაკანსია მულახშიც იყო,არჩევანი ლახამულაზე შევაჩერე.ცოტა არ იყოს ჩემი გადაწყვეტილება უცნაურად ეჩვენა ქ-ნ დარეჯანს და გაკვირდა კიდეც.მკითხა თუ ვიცნობდი ვინმეს ლახამულაში.__დირექტორს ვიცნობ-მეთქი__ ისეთი დამაჯერებელი კილოთი ვუპასუხე,თავად გამიკვირდა.          ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი ნაზი ჭიღლაძე რომ ლახამულაში ასწავლიდა.მასზე საგაზეთო და რადიოწერილებიც მქონდა იმ წლებში გაკეთებული.თუმცა მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდი და არც მიფიქრია,თუ ოდესმე მასთან თანამშრომლობის ბედნიე რება მხვდებოდა წილად... ჩემმა დირექტორმა წელს სამი გამოცდა ჩააბარა:პროფესიული,საგნობრივი(ქართული-ენა ლიტერატურა,მიუხედავად იმისა,რომ საშუალო საფეხურისთვის წლებია არ უსწავლებია) და დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდა.
ჩემი გადაწყვეტილება არც ჩემს საახლობლოს დაუტოვებია უკომენტაროდ,მაგრამ მე აზრი არ შემიცვლია.ოქტომბრის ერთ მზიან დილით ჩემთვის სრულიად უცხო სოფლის შარას დავადექი...მადლობელი ვარ ჩემი თავის,რომ არჩევანში არ შევცდი და უკან არ დავიხიე,რადგან საოცარი სითბო და სიყვარული უმალ ვიგრძენი.მგონია ბავშვობა აქ გავატარე და დიდ ხნის მერე დავბრუნდი...
მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების,რომ დამაძალეს და ჩემი თავი,ჩემი ნამდვილი საქმე მაპოვნინეს ამდენი ხნის ,,შესვენების“ შემდეგ . დღეს მე ვამბობ,რომ ფენიქსივით აღვსდექი.საოცრად კარგი კოლექტივი,ბავშვები და გარემო__გაეცი სითბო,სიყვარული და მიიღებ იგივეს.გასულ სასწავლო წელს საინტერესო ღონისძიებები ჩავატარეთ.ჩვენმა ბავშვებმა რაიონული მასშტაბითაც გვასახელეს ჭადრაკში: 2 პირველი ადგილი და ორი მესამე.კონკურსგარეშე კი მკლავჭიდში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.წლევანდელი სასწავლო წელი სამწუხაროდ არასტაბილურად და ექსტრემალურად დაიწყო,მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ მონაწილეობა მიგვეღო ,,კატასტროფის რისკის შემცირება სკოლებში-დიპეკოს“პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში.16 ოქტომბერს ზუგდიდში გაიმართა დასკვნითი პრეზენტაცია და მონაწილეთა დაჯილდოება.მონაწილეობდნენ ზუგდიდის 1,მესტიის 1,ფოთის მე-3,ლასურიაშის და ჩვენი__ლახამულის სკოლები.გამარჯვებული სამი სკოლიდან ერთ-ერთი ჩვენ აღმოვჩნდით.გადმოგვეცა პრიზი__ფერადი სკანერი. ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო,თუმცა ჩვენს მიერ წარმოდგენილმა კლიპმა  ,, ლახამულა__S.O.S!”დამსწრეთაგან ბევრს აუჩუყა გული.ყველასათვის კარგადაა ცნობილი ჩვენი სოფლის პრობლემა,რომელიც აქტუალურობას არ კარგავს.საქართველომ გაიგო ჩვენი  (,,ჩვენი“__შეცდომა არ გეგონოთ,მე ვთვლი,რომ ამ წუთში აქაური ვარ და ლახამულელთა ლხინის და ჭირის მოზიარე ვარ) სატკივარი და დღეს დღის წესრიგში სოფლის ყოფნა-არყოფნა დგას.ლახამულა ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე და მგზავრის დამპურებელი.დიახ,ალბათ ბევრ ადამიანს ემახსოვრება დიდთოვლობისას ჩაკეტილი გზების გამო უცხო ოჯახებში ღამისთევა და თბილი დახვედრა...მინდა ავღნიშნო ფოთის წარმომადგენელთა გამოსვლა.მათ თავიანთი პრეზენტაციის დასასრულს წარმოადგინეს პლაკატი და მოუწოდეს დარბაზში მსხდომთ სოლიდარობა გამოეცხადებინათ ხაიშელებისთვის.ეს გადაწყვეტილება მათ 15 ოქტომბრის ტელეგადაცემამ მიაღებინა. ჩვენ ხელმოწერები იმავე საღამოს ხაიშის სკოლას გადავეცით.ლახამულელი მოსწავლეებს რამდენიმე საინტერესო ჩანაფიქრი აქვთ.მე შევეცდები თქვენი გაზეთის საშუალებით გზადაგზა გაგაცნოთ მათი საქმიანობა. 1 ნოემბერს  დაიწყო  აქცია ,,ნუ ვატკენთ დედამიწას გულს!’’.მათ გააკეთეს ბროშურები,დაურიგეს მოსახლეობას და მოუწოდეს გაუფრთხილდნენ,არ დაანაგვიანონ და არ დააბინძურონგარემო.  ეს პირველი ნაბიჯია ბუნების და გარემოს დასაცავად გადადგმული.სოფლის ყველაზე დანაგვიანებული გარემო მოსწავლეებმა საკუთარი სურვლითა და ძალებით დაასუფთავეს,გააკეთეს ტრაფარეტი და ამით უფროსებს მოუწოდეს გაუფრთხილდნენ საკუთარ სოფელს. 
ჩემი წერილის მიზანია  ყველა იცნობდეს ერთ-ერთი ლამაზი,თბილი  სოფლის  მომავალს.,რომელიც დღეს არცთუ ისე დალხინებულ პირობებში ცხოვრობს. ბავშვები ყოველდღე შეშფოთებული თვალებით უყურებენ ტალახის მოძრავ მასას,რომელიც სოფელს ყოველდღე უტევს...

გარდა ამისა შევეცდები მომდევნო წერილებში  უფრო ღრმად გაგაცნოთ სოფელი ლახამულა თავისი ტრადიციებით და ღირსეული ადამიანებით.ლახამულის ჯგრააგ ბოგაში იყოს მფარველი სრულიად საქართველოსი და  სვანეთისა, ამინ!

No comments:

Post a Comment